ყველაფერი ასე დაიწყო. 90-იან წლებში შოთამ ბიზნესი წამოიწყო, მაგრამ საქმე ჩაუვარდა, დიდი ვალი დაედო და იძულებული გახდა, უმცროსი შვილის სახელზე ნაყიდი ბინა გაეყიდა. სახლთან ახლოს ფართობი შეიძინა და მაღაზიას მიაქირავა.
იქიდან პატარა შემოსავალი ჰქონდა. მაინც არ წუწუნებდა. ერთადერთი, რაზეც ოცნებობდა, უმცროსი ქალიშვილის ბედნიერად გათხოვება იყო. ნატუკა მშვენიერი გოგონა გახლდათ, მაგრამ პირველი სიყვარულით იმედგაცრუებამ კარგა ხნით გადააფიქრებინა ოჯახის შექმნა.
27 წლისამ თანამშრომლის ოჯახში შემთხვევით გაიცნო მისი ნათესავი, რომელმაც სოფლის სიდუხჭირეს ვერ გაუძლო და დედაქალაქს მოაშურა, ბედისა და სამსახურის საძებნელად. დათოს გარეგნობამ და იუმორმა ძალიან მოხიბლა ნატუკა. შოთამ უმცროს ქალიშვილს დიდი ქორწილი გადაუხადა. მერე ლიზის (უფროს ქალიშვილს) ავარიაში დაეღუპა ქმარი და უკაცო ოჯახს გაუჭირდა.
პირველი სამი წელი როგორღაც ნიღბავდა თავის უარყოფით თვისებებს დათო, მაგრამ შოთა ატყობდა, რომ სიძე ზარმაცი იყო, არც სიმთვრალე უვარგოდა, თუმცა გაშლილ სუფრასთან ენამზეობდა. დათოს ვალი დაედო და იმდენი იწუწუნა, იმდენი ელაქუცა სიმამრს, რომ შოთამაც იფიქრა, – რაღა სხვას ჰქონდეს ფართობი ჩემგან ნაქირავები, სიძეს მივცემ, საქონელს შემოიტანს, იმუშავებს და ოჯახს არჩენსო. დათო ხომ უკვე სამი შვილის მამა იყო, ბავშვებს კი უამრავი რამ სჭირდებოდათ.
თავდაპირველად, სანამ შოთა იყო საქმეში ჩართული, ყველაფერი კარგად აეწყო, მაგრამ ცოტა ხანში მთლიანად სიძეს გადააბარა, დათომ ფრთები გაშალა – რაც მოგება მოუტანა ნავაჭრმა, კაზინოს მოახმარა. ისე შეეჩვია სამორინეს, რომ აღარ შეეძლო კვირაში ორჯერ მაინც არ შეევლო, რამდენჯერმე მოიგო და გათამამდა, მერე ერთმანეთის მიყოლებით წააგო და იმის მაგივრად, რომ გონს მოსულიყო, უფრო მოუხშირა.
როცა შოთამ შეახსენა, მაღაზიაში პროდუქტია შესატანი და დროზე მოაგვარე ეს საქმეო, ერთი თეთრიც აღარ ედო ჯიბეში. სიმამრს არაფერი უთხრა, ისე გამოიტანა სესხი ბანკიდან. მცირედი მაღაზიას მოახმარა, დანარჩენი ისევ სამორინესთვის გადადო. ნერვები ეშლებოდა, რომ ფორტუნა მის მხარეზე აღარ იყო. დათო აგრესიული გახდა.
ყველა და ყველაფერი აღიზიანებდა, პატარა რაღაცაზე აყვირდებოდა, არც გინებაზე იხევდა უკან. ერთხელ, ნატუკამ ხმადაბლა მისცა შენიშვნა, – ჩვენს ოჯახში არ იგინებიანო და ეს გახდა საკმარისი, რომ იქაურობა მიემტვრ-მოემტვრია და სახლის კარიც გაეჯახუნებინა.. სოფელში დაბრუნება დათოსთვის სიკვდილის ტოლფასი იყო.. ამიტომ სამი დღის შემდეგ კვლავ დაბრუნდა სიმამრის სახლში.
შოთას ელდა ეცა, როცა ბანკიდან აცნობეს, სიძისგან გატანილი სესხი უკვე საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენდა და თუ დროზე არ შეიტანდა ნახევარს მაინც, მაღაზიას დაუყადაღებდნენ. საგონებელში ჩავარდა. ისე ინერვიულა, ინსულტი დაემართა და ძლივს გადარჩა. უფროსმა ქალიშვილმა, – მშობლებსა და დას ხომ არ შევწირავ ვალებსო და მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება, ის გაქირავებული ბინა გაეყიდა.
მაღაზიის დაკარგვა არ შეიძლებოდა, რადგან ოჯახის მარჩენალი ის იყო. ბანკის ვალი კი დაფარეს, მაგრამ სიძემ არაფრად ჩააგდო და ძველებურად გააგრძელა. ცოლს გამოუცხადა, – მაღაზიის კაცი არა ვარ, სხვას ჩააბარეთ ეს საქმე, მე კი თავი დამანებეთო. თანაც ისე გადიდგულდა, არავის აღარაფრად აგდებდა.
ნატუკამ კარგა ხანს ითმინა, მაგრამ ქმრის აზარტულ ცხოვრებას რომ მისი თავგასულობაც დაემატა, ამის ატანა უკვე აღარ შეეძლო და დათოსთან განქორწინება გადაწყვიტა. როგორც კი უთხრა – გშორდები და წადი შენს გზაზეო, ისეთი აყალმაყალი ატეხა, თითქოს უდანაშაულო კაცს რაღაცაში ედავებოდნენ ან რამეს ართმევდნენ და თავდაუზოგავად იბრძოდა იმის დასაცავად. დათო ოჯახიდან წავიდა.
თავიდან ეგონა, რომ გული მოულბებოდათ და უკან დააბრუნებდნენ, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ საბოლოოდ გამოაპანღურეს, მთვრალი მიიჭრა და დიდიან-პატარიანად ყველა გამოლანძღა. ნატუკა წააქცია და ცემა დაუწყო. მამამ თავისი სანადირო თოფი გამოიღო და დათოს ესროლა… შოთას ცხრა წელი მიუსაჯეს და ახლახან, ამნისტიით გათავისუფლდა. დათო კი უკვე წამლის მომხმარებელიც გახდა და ცხოვრებას რის ვაივაგლახით მიათრევს