ამ წერილს 14 წლის გოგო გწერთ. ჩემი აზრით, არ შეიძლება, მშობელმა შვილის ცხოვრების ყველა დეტალი აკონტროლოს.
დედას ერთი დაქალი ჰყავს, რომელიც ძალიან უყვარს. რამდენიმე თვის წინ ეს ქალი და მისი ქმარ-შვილი ჩვენი კორპუსის გვერდით გადმოვიდნენ საცხოვრებლად. შვილებიც ჩემს სკოლაში მოიყვანა და ჩვენს სახლშიც ძალიან ხშირად მოდის.
მისი უფროსი გოგონა ჩემზე ერთი წლით უფროსია. რაღაცნაირი ბავშვია, მას ვერ ვუგებ. არ ვამბობ, რომ ცუდი გოგოა, მაგრამ მე სხვანაირი ვარ და მეგობრებადაც ჩემნაირებს ვირჩევ.
დედა მაიძულებს, რომ ამ ბავშვთან ვიმეგობრო. ამბობს, მე და დედამისი ბავშვობიდან ვმეგობრობდით და თქვენც ასე უნდა იყოთო. ვერ გავიგე, რატომ უნდა ვიყოთ ასე. მე უკვე მყავს მეგობრები და მათ შეცვლას არ ვაპირებ!
ამ გოგოსთან საერთო ენაც ვერ გამოვნახე და მასთან რა თემაზე ვილაპარაკო?! ისე დაჯდება 3 საათი, ხმას არ ამოიღებს. ტელეფონში სულ რაღაცას უყურებს და თავისთვის იცინის. რომ გგონია, არც გისმენს, უცებ აღმოაჩენ, რომ შენი ყველა სიტყვა აკრეფილი და დამახსოვრებული აქვს. აი, რაღაცნაირია, ვერ გადმოვცემ, როგორი, მაგრამ ჩემგან ძალიან განსხვავებულია.
ავიტან, რომ მხოლოდ მაშინ მთხოვდეს ამ გოგოსთან ურთიერთობას, როცა სახლში ვარ, მაგრამ დედაჩემს უნდა, ყველგან თან წავიყვანო. დაქალთან რომ მივდივარ, მეუბნება, ისიც გაიყოლე, ბავშვები გააცანი, ცოდოა, აქ თავს უცხოდ გრძნობსო. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ აბა, ჩემს დაქალებს ჰკითხოს, სიამოვნებთ უცხო ადამიანის გარემოცვაში ყოფნა?!
ბოდიში და, ყველგან, სადაც მივდივარ, დედა თავისი დაქალის შვილს მატენის. უკვე ისეთ დღეში ვარ, გარეთ გასვლა აღარ მინდა. მირჩევნია, 24 საათი სახლში ვიჯდე, ვიდრე ვიღაც ავიკიდო და აქეთ-იქით ვატარო მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოიწყინოს და გაერთოს. დედა ძალიან უსამართლოდ მექცევა და იმედია, ამას ოდესმე მიხვდება.
წყარო: ჟურნლი სარკე
Discussion about this post